გარდაიცვალა ლომერ ახვლედიანი

ლომერ ახვლედიანი აქტიურად თანამშრომლობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორიცაა ირაკლი კვირიკაძე, თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე და ა.შ.
Sputnik
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი კინოოპერატორი ლომერ ახვლედიანი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლომერ ახვლედიანმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ კინემატოგრაფიაში. მის ნამუშევართა შორისაა ცნობილი ფილმები: „ქვევრი", „სამკაული სატრფოსათვის", „ნატვრის ხე", „აურზაური სალხინეთში", „მზე შემოდგომისა", „მშობლიურო ჩემო მიწავ!", „ნატვრის ხე", „სამანიშვილის დედინაცვალი", „დონ-კიხოტი", „ბესამე", „ექსპრეს-ინფორმაცია" და სხვ. სულ დაახლოებით 50 კინონამუშევარი.
ლომერ ახვლედიანი დაიბადა თბილისში 1934 წელს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და შემდეგ მოსკოვის კინოინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი.
ლომერ ახვლედიანი ქართველ რეჟისორებთან ერთად
იგი მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. აქტიურად თანამშრომლობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორიცაა ირაკლი კვირიკაძე, თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, ვლადიმირ ნაუმოვი, ელდარ რიაზანოვი, ვსევოლოდ შილოვსკი.
ლომერ ახვლედიანს მიღებული აქვს ჟიურის სპეციალური პრიზი კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე ოპერატორული ნამუშევრისთვის ფილმზე „სამანიშვილის დედინაცვალი“. არის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ფილმისათვის „ნატვრის ხე“. 2016 წელს მიიღო პრემია „თეთრი კვადრატი“ რუსეთის კინოოპერატორთა გილდიისგან „საოპერატორო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის“.