„სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები ბინებს 2023 წლის ბოლომდე მიიღებენ

პროექტს სამშენებლო კომპანია M2 ახორციელებს, რომელმაც დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ვალდებულება 2019 წლის სექტემბერში თბილისის მერიასთან დადებული შეთანხმების ფარგლებში აიღო.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ოჯახები, რომლებიც დეველოპერული კომპანია „სვეტის“ სამშენებლო თაღლითობის შედეგად დაზარალდნენ, 2023 წლის ბოლომდე ბინებს მიიღებენ, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მერია დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემების გადაჭრას სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკებების გზით ცდილობს. ამ დროისათვის შესაძლებელი გახდა ნუცუბიძის, მირცხულავასა და ჭყონდიდელის ქუჩებზე „სვეტის" დაუმთავრებელ ობიექტებზე სამშენებლო პროცესების განახლება. „სვეტის" მიერ მოტყუებული მენაშენეების წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება საკუთარ თავზე სამშენებლო კომპანია M2-მა აიღო.

„კორპუსების ნაწილი ფაქტობრივად დასრულებულია, ხოლო ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს. 2023 წლისთვის „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები მიიღებენ თავიანთ საცხოვრებლებს. მშენებლობა სამ ლოკაციაზე – მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე მიმდინარეობს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

იგი მირცხულავას ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. მშენებლობის დასრულების შემდეგ ახალმოსახლეობას 2,5 ათასამდე ოჯახი იზეიმებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის ივლისში დეველოპერული კომპანია „სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და დირექტორი თორნიკე ჯანელიძე მენაშენეთა 3,3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისებაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ჯიბლაძეს რვა წლით, ჯანელიძეს კი ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
წყარო: თბილისის მერია