თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ ახალი ინდიკატორის – სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო.
ამჟამად საქართველოში ინფლაცია გამოითვლება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მიხედვით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (HICP) და ის ფასების სტაბილურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
შედეგად – 2022 წლის იანვარში ევროსტანდარტებით დაანგარიშებულმა წლიურმა ინფლაციამ 12,7% შეადგინა, ეროვნული მეთოდოლოგიით კი - 13,9%.
რა განსხვავებაა მეთოდოლოგიებს შორის საქართველოსა და ევროკავშირში
HICP განსხვავდება CPI-სგან მთელი რიგი მეთოდოლოგიური მახასიათებლებით, ძირითადად, სამომხმარებლო კალათის წონისა და გამოყენებული კლასიფიკატორის მიხედვით.
კერძოდ, HICP-ს შემთხვევაში გაანგარიშებისას გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები, ხოლო CPI-სთვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
რაც შეეხება კლასიფიკატორს, ევროკავშირში HICP-სთვის გამოიყენება „დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების კლასიფიკაციის“ ევროპული ვერსია - ECOICOP, რომელიც მცირედით განსხვავდება ამჟამად საერთაშორისო დონეზე მოქმედი COICOP-სგან. ამასთან აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა და გამოყენებული მიკრომონაცემები იდენტურია ორივე ინდექსისთვის.
„ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის“, – ნათქვამია „საქსტატის“ განცხადებაში.
„საქსტატი“ HICP-ს მიხედვით დაანგარიშებულ მონაცემებს ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებლის პარალელურად გამოაქვეყნებს.