თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველო ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეჩვიდმეტედ წარდგება, ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, წელს კინოფესტივალზე ინდუსტრიული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი კინოცენტრის დირექტორის გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით.
პანდემიის გამო წელს ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ონლაინ–ფორმატში გაიმართება.
10-17 თებერვალს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა – European Film Market, ხოლო 10-20 თებერვალს ბერლინის კინოთეატრებში გაიმართება ფესტივალის ყველა ტრადიციული სექციის, მათ შორის, საერთაშორისო კონკურსის, პანორამის, ფორუმის, რეტროსპექტივის ფილმების ჩვენება.
ევროპულ კინობაზარზე ეროვნული კინოცენტრი სამ ქართულ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს წარადგენს. ფილმების ნახვა ვირტუალურად იქნება შესაძლებელი.
„სამურაი დასვენების ჟამს“ – რეჟისორი ლევან თუთბერიძე (საქართველო), 13 თებერვალი, 12:40 საათი Virtual Cinema 3;
„მშვენიერი ელენე” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი (საქართველო, საფრანგეთი, თურქეთი), 14 თებერვალი, 15:00 საათი Virtual Cinema 23;
„ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე“ – რეჟისორი ზაზა ხალვაში (საქართველო, ლიეტუვა), 15 თებერვალი, 12:40 საათი Virtual Cinema 6;
ფილმების ჩვენებების გარდა, საქართველოს ვირტუალურ პავილიონში ონლაინ გაიმართება შეხვედრები გაყიდვების აგენტებთან, დისტრიბუტორებთან და კანის, მონპელიეს, კარლოვი ვარის, კოტბუსისა და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 1951 წელს დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენაა, რომელიც, კანისა და ვენეციის კინოფესტივალებთან ერთად, ევროპის წამყვან კინოფესტივალთა სამეულში შედის.
წყარო - ეროვნული კინოცენტრი