თბილისის ბოტანიკურ ბაღში საბავშვო სივრცე მოეწყო

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ახალი საბავშვო სივრცის მოწყობის შემდეგ ბოტანიკურ ბაღს უფრო მეტი დამთვალიერებელი ეყოლება.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ, ისტორიულ არბორეტუმთან განახლებული საბავშვო სივრცე მოეწყო. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ისტორიული არბორეტუმის ტერიტორიაზე ხემცენარეთა ერთობლიობა სამეცნიერო და სადემონსტრაციო მიზნითაა წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ეძლევათ იხილონ განსაკუთრებული მცენარეები და ასევე ისარგებლონ საბავშვო გასართობი სივრცით.
მოედანზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის განთავსდა გასართობი ატრაქციონები და შემეცნებითი ეკოსაგანმანათლებლო აბრები.
საბავშვო სივრცის გახსნაზე ბოტანიკურმა ბაღმა სტუდია „ბასტი-ბუბუს“ ბავშვების ჯგუფს უმასპინძლა. მოწვეულ სტუმრებს ბოტანიკურ ბაღში შემეცნებითი ექსკურსია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ბავშვებმა ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა და სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისის სამეცნიერო მუზეუმი და საცხობი Nutelland.
თბილისის ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები.
დღეისათვის ბოტანიკური ბაღი 97 ჰა ფართობს მოიცავს, რომლის შემადგენელი ნაწილია წავკისისწყლის ხეობა. ბოტანიკური ბაღი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში შედის.
წყარო - საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი