თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა HACCP-ს სისტემის არქონის გამო 100-მდე ბიზნეს-ოპერატორი დააჯარიმეს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
HACCP – საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციასა და აღმოფხვრას გულისხმობს. მას ნერგავს და მართავს თავად ბიზნეს-ოპერატორი.
საქართველოში 2021 წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ბიზნეს-ოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას, ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ს პრინციპების შესაბამისად განახორციელონ.
უწყების ცნობით, სააგენტოს ინსპექტორების მიერ ამ დროისათვის გაცემულია 1.000-ზე მეტი რეკომენდაცია. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მითითებების შეუსრულებლობისთვის 100-მდე ბიზნეს-ოპერატორი (48 – თბილისში) დაჯარიმდა.
წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო