„ნაცმოძრაობა“ განხეთქილების ზღვარზეა? ახალი სკანდალი სააკაშვილის პარტიაში
ქართული პოლიტიკური წრეები აქტიურად განიხილავენ სკანდალს, რომელიც უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიაში აგორდა.
Sputnikთბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სკანდალში გაეხვა.
შაბათს მასმედიაში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც გადაღებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. ჩანაწერში ისმის, როგორ ეუბნება მელია ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერებს, რომ მისი სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი იყო.
კადრების გავრცელების შემდეგ მელიამ დაწერა პოსტი Facebook-ში, სადაც ფაქტობრივად დაადასტურა თავისი პოზიცია.
„დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში, არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია. დიახ, მე, ისევე, როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს“, – დაწერა ნიკა მელიამ.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ იდეა, რომელმაც ხალხი ქუჩაში უნდა გამოიყვანოს, ეს ის ცვლილებებია, რომლებიც საქართველოს უკეთესს გახდის.
„ჩვენ შეიძლება განსხვავებული სტრატეგია გვაქვს, თუმცა გვაქვს საერთო მიზანი და ესაა მთავარი. ის, რომ შეიძლება ტაქტიკაზე ვერ შევთანხმდეთ, არ ცვლის საერთო სურათს“, – დაწერა მელიამ.
მელიას პოზიცია მისმა თანამოაზრეებმაც განმარტეს. ენმ-ის დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის თქმით, საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მას დააპატიმრებდნენ და ეცდებოდნენ მისი ჯანმრთელობის, სიცოცხლის ხელყოფას.
„სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით რომ ნიკა მელიას ჰქონდა პოზიცია, არის ნორმალური, რაზეც ის საუბრობს. მელიას გულისტკივილი უკავშირდებოდა იმას, რომ სააკაშვილს არც თავისუფალი სასამართლო ექნებოდა და არც წითელი ხალიჩები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მელია აღარ უნდა იყოს ყველაზე მსხვილი ოპოზიცური პარტიის ლიდერი.
„გულწრფელად მგონია, ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე. იყო ძლიერი ოპოზიციური ფლანგის ლიდერი, როცა რუსეთთან ბრძოლაში ხარ, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
ენმ განხეთქილების ზღვარზეა?
ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ენმ-ში მიმდინარე შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე ალაპარაკდნენ. უმრავლესობის დეპუტატის ნინო წილოსანის თქმით, „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია წამგებიან პოლიტიკას ეწევა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე იმდენად დიდია და ღრმაა დაპირისპირება, რომ ის უკვე საჯაროდ ჟონავს. ფაქტობრივად ყველა პრობლემა, რაზეც ნიკა მელიამ ამ გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა, და მან თავად დაადასტურა, რა თქმა უნდა, რეალურია და ამას ყველაფერს აქვს საფუძველი“, – განაცხადა წილოსანმა.
„ნაცმოძრაობაში“ დიდი პოლიტიკური განხეთქილება საზოგადოებისთვის არის აისბერგივით, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა.
„საზოგადოება ხედავს მხოლოდ მცირე ნაწილს იმ ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, რომელიც მიმდინარეობს. ამ პარტიამ ვერ მოახერხა ვერც განახლება, ვერც საკუთარი დანაშაულების აღიარება და საზოგადოებაში მათი ნდობის ხარისხი დღითი დღე იკლებს”, – განაცხადა ტალიაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი, თავის მხრივ, დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი მის მიერ ოდესღაც შექმნილ პარტიას მხოლოდ საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს.
„ყველა მიხვდა, უმრავლესობა მათ შორის „ნაცმოძრაობაში“, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი დასრულდა. ახლა მას სურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენოს მხოლოდ მის გასათავისუფლებლად. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, აქ მოხდება გაყოფა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სააკაშვილის რეაქცია
ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, თავად მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აქამდე აქტიურად რეაგირებდა ყველა პოლიტიკურ მოვლენაზე, დუმს.
ამასთან, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსთავის ციხეში (სადაც ამჟამად ექს-პრეზიდენტი პატიმრობას იხდის) მყოფ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ვიდეოს გავრცელების შემდეგ „სააკაშვილი მთლიანად გამოვიდა წყობილებიდან, ანგრევდა ციხის საკანს“.
„ისეთი გაგიჟებული იყო, რომ ვერ მოთოკა ნერვები სააკაშვილმა და ტელეფონი დალეწა და ემუქრებოდა მელიას მოკვლით და განადგურებით“, – დაწერა ნიკოლეიშვილმა თავის Facebook-გვერდზე.
სააკაშვილი, რომელიც ქვეყანაში უკრაინიდან არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, ამ დროისათვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.