საქართველოში გრიპის ვირუსის 72 შემთხვევაა დადასტურებული

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ერთ-ერთი ქმედითი და ეფექტური მექანიზმია გრიპის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. დეკემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე საქართველოში გრიპის ვირუსის 72 შემთხვევაა დადასტურებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, წელს ჭარბობს A ტიპის H3 ვირუსი, დაფიქსრებულია ასევე A ტიპის H1 და გრიპის B ვირუსიც. ასევე ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიალური, ადენო- და ენტეროვირუსები.
„ახლა რესპირაციული ვირუსების სეზონია და კორონავირუსთან ერთად ცირკულირებს სხვა ვირუსები, მათ შორის გრიპის ვირუსი. დეკემბრის შუა რიცხვებიდან ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის ვირუსის სხვადასხვა შტამი“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ქართველი ექიმები მოსახლეობას ქვეყანაში ტვინდემიის გავრცელების შესახებ აფრთხილებდნენ. ტვინდემია არის ორი ინფექციით – კორონავირუსითა და გრიპით ერთდროულად დაავადება. გამყრელიძის თქმით, საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული ტვინდემიის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ივანე ჩხაიძე: გრიპის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს
ქვეყანაში გრიპის ვირუსის პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა 2021 წლის 4 დეკემბერს გამოვლინდა.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ერთ-ერთი ქმედითი და ეფექტური მექანიზმია გრიპის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ერთად სეზონური გრიპის აცრის ჩატარებას არავითარი შეზღუდვა არ აქვს.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.