ბაკურიანში საბაგიროს გაჩერება: ინციდენტს ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტი შესწავლის

„მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გამოირთო, რასაც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ კატეგორიულად უარყოფენ.
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“, რომელსაც სამართავად აქვს გადაცემული ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ინსპექციას განახორციელებს, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
დღეს ბაკურიანში მიტარბის საბაგირო ავარიულად გამოირთო და 25 დამსვენებლის ევაკუაცია გახდა საჭირო.
„მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გამოირთო, რასაც კატეგორიულად უარყოფენ ენერგოგამანაწილებელ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“, რომელიც საბაგიროს ელექტროენერგიით ამარაგებს.
„შიდა აუდიტის სამსახურს დაევალა უმოკლეს ვადებში შეისწავლოს ავარიის გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება მკაცრი რეაგირება. ინსპექტირების შედეგების შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ დაარსდა 2013 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ და 2014 წლამდე მოხსენიებულია როგორც შპს „გუდაურის განვითარების სააგენტო“. 2014 წლამდე კომპანია მართავდა მხოლოდ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტს.
შემდეგ წლებში კომპანიას სამართავად გადაეცა ბაკურიანის ერთ-ერთი სასრიალო არეალი - დიდველი, ასევე კურორტი გოდერძი.
2017 წლიდან კომპანია უკვე მართავს შემდეგ კურორტებს: გუდაური, ბაკურიანი (კოხტა, მიტარბი, დიდველი), გოდერძი, ჰაწვალი და თეთნულდი (მესტია).
წყარო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო