ყვარელში, სოფელ შილდის ტყეში ხანძარია

ხანძრის ქრობის სამუშაოებში ამ დრომდე ვერ ერთვება სპეციალური ტექნიკა, რადგან ცეცხლი მიუვალ ადგილზეა გავრცელებული.
Sputnik
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი გაჩნდა, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ადგილზე უკვე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი, თუმცა სპეციალური ტექნიკა მუშაობას ამ დრომდე ვერ ახერხებს, რადგან ცეცხლი მიუვალ ადგილზეა გავრცელებული.
მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერასთან მოხალისეებთან ერთად მივიდნენ და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.
აღსანიშნავია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს უკვე ხანძრის მეორე შემთხვევაა. ხანძარი გაჩნდა 1 თებერვალს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალსოფლის მიმდებერად. მეხანძრე-მაშველები ტყეში გაჩენილი ხანძრის კერების ჩაქრობას მთელი ღამის მანძილზე აწარმოებდნენ.