თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს გზებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158-ე კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოიხსნა, სადაც შეზღუდვები ასევე დიდთოვლობის გამო იყო დაწესებული. თოვის გამო, გზის ამავე მონაკვეთზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი