თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. მსოფლიოში სურსათის ფასი იანვარში, დეკემბერთან შედარებით, 1,1%-ით – 135,7 პუნქტამდე გაიზარდა. ამის ძირითადი მიზეზი ზეთის მიწოდების შემცირებაა, აღნიშნულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პრეს-რელიზში.
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ასახავს სამომხმარებლო კალათის საერთაშორისო ფასების ყოველთვიურ მაჩვენებელს. ესაა საშუალო შეწონილი მაჩვენებელი, რომელიც საერთაშორისო ფასების დინამიკას აჩვენებს ხუთ ძირითად სასურსათო ჯგუფზე.
მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი დეკემბრისთვის 4,2%-ით, ანუ 7,4 პუნქტით 185,9 პუნქტამდე გაიზარდა.
ასევე გაიზარდა სოიოს, პალმის და მზესუმზირის ზეთის ფასი.
„ზრდა შეეხო ზეთის ყველა ძირითად კოტირებას, რასაც ხელი შეუწყო ნედლი ნავთობის გაძვირებამ. მზესუმზირის ზეთის კოტირებები გაიზარდა როგორც მიწოდების შემცირების, ისე საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი მოთხოვნილების შედეგად“, – აღნიშნულია FAO-ს განცხადებაში.
გაძვირდა ასევე რძის პროდუქტები, რომლის ფასების ინდექსმაც იანვარში 2,4%-ით, ანუ 3,1 პუნქტით 132,1 პუნქტამდე მოიმატა. ინდექსი ზედიზედ მეხუთე თვეა იზრდება. ყველაზე მეტად გაძვირდა რძის ფხვნილი და ჩვეულებრივი რძე, ასევე კარაქი, ნათქვამია განცხადებაში.
იანვარში მარცვლეულის ფასების ინდექსი უმნიშვნელოდ გაიზარდა – 0,1 პუნქტით 140,6 პუნქტამდე. ყველაზე მეტად გაძვირდა სიმინდი – 3,8%-ით, ბრინჯი გაძვირდა 3,1%-ით, ხორბლის ფასი კი შემცირდა 3,1%-ით – ავსტრალიისა და არგენტინის მხრიდან სეზონური შემოთავაზების გაზრდის გამო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 13,9% (მიზნობრივი მაჩვენებელი – 3%) შეადგინა. ამასთან, სურსათის ფასი ერთ წელიწადში 16,2%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირდა ბოსტნეული – 23,3%-ით, პური და პურპროდუქტები – 20,5%-ით, ზეთი – 19,6%-ით, შაქარი – 18,2%-ით, რძე და კვერცხი – 14,4%-ით.