თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა 7 -11 თებერვლის პერიოდში მგზავრებს ვერ მოემსახურება, იტყობინება „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“.
„აღნიშნულ პერიოდში „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, მზიდსაწევი ბაგირი გამოიცვლება და სერვისული სამუშაოები ჩატარდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად კომპანია „ლეიტნერის" სპეციალისტები შეასრულებენ.
კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისა და შეფერხებისთვის.
რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალის ციხეს აკავშირებს ერთმანეთთან, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა. საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.