თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ჟურნალ ArchDaily-ს პრესტიჟული პრემიის მისაღებად ექვსი ქართული არქიტექტურული პროექტი იბრძოლებს.
წელს ArchDaily მეცამეტედ იწვევს თავის მკითხველს პროექტების შერჩევასა და დაჯილდოებაში მონაწილეობისთვის. კენჭისყრის გზით მკითხველი ხდება ჟიურის წევრი და შეუძლია თითოეულ კატეგორიაში 4,5 ათასზე მეტი პროექტიდან 15 საუკეთესო დაასახელოს.
2022 წელს კონკურსში ექვსი ქართული პროექტი მონაწილეობს. მათ შორისაა ნამუშევრები Wunderwerk./DM Studio, David Giorgadze Architects/Maxime Machaidze (LTFR), NOA Studio, NS Studio, Studio 9 და T-Architects.
პროექტები მოიცავს შენობა-ნაგებობებს საცხოვრებელი სახლებიდან და სკეიტ-პარკებიდან კერძო სახლებამდე და სპეციალურად დაპროექტებულ ტერიტორიებამდე.
უახლოეს კვირებში კენჭისყრით შერჩეული ნაგებობები ჯერ შორტ-ლისტში მოხვდება, შემდეგ კი გამარჯვებულს გამოავლენენ. ნომინაციის ეტაპზე My ArchDaily-ს პლატფორმაზე თითოეულ დარეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება ექნება, თითოეულ კატეგორიაში ერთი პროექტი შეარჩიოს.
კენჭისყრა უკვე დაიწყო და 9 თებერვლამდე გაგრძელდება. შემდეგ ფინალურ ეტაპზე თითოეული კატეგორიიდან 5 პროექტი გავა. საფინალო კენჭისყრა 9 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება. ამის შემდეგ გამარჯვებულები გამოვლინდებიან.