თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებს გაეცნო.
2021 წლის თებერვლიდან ვაკის პარკი სრულმასშტაბიანი რემონტის ჩასატარებლად მთლიანად დაიკეტა, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი ოქტომბერში დასრულდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კასკადის აღდგენა, რომელიც წლებია ამორტიზებულია.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევის და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო და რადგან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანი ჩარევების და ცვლილებების გარეშე ხორციელდება.
„ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დავასრულეთ. მნიშვნელოვანია მეორე ეტაპიც – ეს არის ცენტრალური შადრევნისა და კასკადის სრული განახლება და რეაბილიტაცია. ახლა მიმდინარეობს ცენტრალური შადრევნის კეთილმოწყობა და მთლიანად განახლება“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება და აღდგება პირვანდელი სახით, იმავე მასალით, კერძოდ, გრანიტით და ბაზალტით. ამასთან, მთლიანად შეიცვლება და დამონტაჟდება წყალმომარაგების თანამედროვე, ავტომატიზებული სისტემა.
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში უკვე განახლდა ფურნიტურა, საფეხმავლო და ველობილიკები, დამატებით მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ბილიკები. ასევე მოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის სოკოები და ცხოველთა სასეირნო მოედანი, ახალი სარწყავი, სანიაღვრე, წყალარინების და ელექტრობის სისტემები.
ვაკის პარკი 1946 წელს ტრიალ მინდორზე გაშენდა. 2017 წელს პარკის ტერიტორია გაფართოვდა, მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. აქ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლი ანთია. ეს არის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შეხვედრის ტრადიციული ადგილი 9 მაისს.