ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს აღსაყდრების იუბილე მიულოცა

პატრიარქ კირილეს მსახურების წლებში დიდი წვლილია შეტანილი რუსეთში სულიერებისა და ტრადიციული ფასეულობების აღორძინებაში, ნათქვამია მილოცვის ტექსტში.
Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს აღსაყდრების მე-13 წლისთავი მიულოცა.
როგორც მილოცვაშია აღნიშნული, პატრიარქ კირილეს მსახურების წლებში დიდი წვლილია შეტანილი რუსეთში სულიერებისა და ტრადიციული ფასეულობების აღორძინებაში.

„დღეს, როგორც არასდროს, მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევების წინაშე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დაცვას. გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, სულის სიმტკიცეს, სულიერ სიხარულს და ღვთის შეწევნას ყველა საღვთო საქმეში. უფალმა მოგცეთ ძალა, განაგრძოთ ნაყოფიერი მოღვაწეობა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია მილოცვაში.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე არის რუსეთის ეკლესიის მე-16 პატრიარქი. 2009 წლის 27 იანვარს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა იგი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩია, ხოლო 2009 წლის 1 თებერვალს მისი ინტრონიზაცია შედგა.
წყარო - მოსკოვის საპატრიარქო