მუდმივად მცემდა: 82 წლის მამაკაცმა შვილის დაჭრის მოტივი განმარტა

დაკავებულის ადვოკატის თქმით, დანაშაულის ჩადენის დროს მამაკაცი აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ 82 წლის მამაკაცს, რომელსაც შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, პატიმრობა შეუფარდა.
საქმე ეხება 30 იანვარს გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტს.. ურთიერთშელაპარაკების დროს მამამ 47 წლის შვილს სხეულზე დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა კაკაურიძემ მიიღო, რომელმაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
თავად ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ იგი შვილის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

„უტიფარი, გაუზრდელი და გაუნათლებელია. მას არანაირი პროფესია არ აქვს, არასდროს აუღია ხელფასი... რაც ახალი წელი დაიწყო, მუდმივად მცემდა. ძირს დამაგდებდა და ისე მცემდა, ყველა ძვალი მტკივა“, – განაცხადა კარლო მეგრელიშვილმა.

ბრალდებულმა მომხდარის დეტალებიც გაიხსენა.
„სახლში მოვედი და ტელევიზორი ჩავრთე, მან კი გინება დამიწყო. მეუბნებოდა, გაეთრიე ჩემი სახლიდანო... ვეღარ მოვითმინე და ყელში ვწვდი... შემდეგ არაფერი მახსოვს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
გორში მამამ შვილი დაჭრა
დაკავებულის ადვოკატის თამარ თედლიაშვილის თქმით, დანაშაულის ჩადენის დროს მამაკაცი აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა და, შესაბამისად, მისი მოქმედება წინასწარ განზრახვა არ ყოფილა.
„როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, იგი წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. მას შვილი ფულს, სასმელს სთხოვდა... მას დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია“, – განაცხადა ადვოკატმა.
შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ 82 წლის მამაკაცს 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
რაც შეეხება დაზარალებულს, ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. იგი კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.