ქვემო ქართლში ხეტყის უკანონო ჭრის 13 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენის შემდეგ მასალები რეაგირებისათვის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქვემო ქართლის რეგიონში ხეტყის უკანონოდ მოპოვების 13 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, წალკის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე მოჭრეს და შემდგომში გადაზიდეს 23 კუბურ მეტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი.
სამართალდამცველებმა შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ამასთან, დაილუქა სატრანსპორტო საშუალებები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.
ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყით სარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
წყარო - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი