მომღერალი ნუცა ბუზალაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ წელს „ევროვიზიის“ კონკურსზე გამგზავრების იმედი თავად ჰქონდა: „მეც მეგონა, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ სხვა შეარჩიეს. ბევრს ჰქონდა იმედი, რომ წელს მე წავიდოდი „ევროვიზიაზე“. იმედგაცრუებული არ ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში ისედაც ბევრი გეგმა და მიზანია“.
მომღერალი ასევე პასუხობს კითხვას კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ კომპოზიტორმა გაიხსენა, რომ ნუცა ბუზალაძემ იურმალაში გამართულ კონკურსზე სწორედ მისი დაწერილი სიმღერით გაიმარჯვა და სოლიდური ფულადი ჯილდოც მიიღო, თუმცა მისთვის იების კონაც კი არ მიუტანია.
„პირადად მაიასთან არ მქონია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დედაჩემმა მასთან ყველაფერი გაარკვია. ჩემთვის არავის დაუწერია სიმღერა უფასოდ. მაიასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, ამ სიმღერის შემდეგაც დამიწერა რამდენიმე, ამიტომ მართლა არ ვიცი, რაში დასჭირდა ასე ლაპარაკი. ჩემს ცხოვრებაში იმდენი პოზიტიური და კარგი რამ ხდება, ნამდვილად ვერ გამოვეკიდები, ვინმე რაიმეს თუ არასწორად იტყვის“, – ამბობს ნუცა.