საპროტესტო ტალღა: საქართველოს მოსახლეობა ფასების შემცირებას მოითხოვს

დიდ ქალაქებში აქციების მონაწილეები ხელისუფლებისგან ტარიფების ზრდის პოლიტიკის შეცვლას მოითხოვენ.
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ოთხი ქალაქის – თბილისის, ქუთაისის, ფოთისა და ქობულეთის მოსახლეობა ქვეყანაში ფასების ზრდის გამო საპროტესტო აქციებზე გამოვიდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.
ათობით ადამიანს ხელში უჭირავს პლაკატები წარწერებით: „მოგვიმატეთ ხელფასები", „ხელისუფლება დაგვცინის", „წიწიბურა 80%-ით გაძვირდა" და სხვ.
შეკრებილები აცხადებენ, რომ საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, რომლის მოქალაქეებიც თავშესაფარს საზღვარგარეთ ყველაზე ხშირად ითხოვენ.

„საქართველო პენსიონერების ქვეყანა ხდება. ახალგაზრდობა მიდის. ჭკვიანი, ძლიერი, შრომისუნარიანი ადამიანები გარბიან საქართველოდან. ეს სრული კატასტროფაა", – განაცხადა აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ ტარიფების ზრდის პოლიტიკის შეცვლას და კორუფციის აღმოფხვრას, რომელიც, მათი თქმით, კვლავ გაჩნდა ქვეყანაში.
„ადამიანებს ტარიფების განახევრებას, საწვავის მინიმუმ ერთი ლარით გაიაფებას დაჰპირდნენ“, – შეახსენა ხელისუფლებას პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ.
აქციების ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო და დაცვის პოლიციის თანამშრომლები. მიტინგები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.