თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თბილისის რამდენიმე დასახლებაში, სადაც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადიოდა, 1 თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით, ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა ავშიანის დასახლებაში, გლდანის მეოთხე და მერვე მიკრორაიონების უკან მდებარე დასახლებებში, დიდი და პატარა ტბის მიმდებარე დასახლებაში, ასევე ინგუშეთის ქუჩაზე, ამავე რაიონში წყაროთუბნის დასახლებაში, ვეძისის და ზემო ვეძისის ქუჩებზე.
„სამწუხაროდ, თბილისში იყო დასახლებები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობდა და იქ მცხოვრები მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებდა. წინასაარჩევნოდ მე პირადად მივეცი ამ ხალხს პრობლემის მოგვარების დაპირება", – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ახალი მიკროავტობუსებით ასევე ისარგებლებს ბეთანიის მოსახლეობა, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის და ავჭალის აგარაკების მცხოვრებლები.
ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. მრავალკომპონენტიანი პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არსებული ავტოპარკის განახლება, ძველი ტრანსპორტის სრული ჩანაცვლებაა.