თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ლარის საშუალო გაცვლითი კურსი 2021 წლის დეკემბერში აშშ დოლარის მიმართ 1,2 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2,2 პროცენტით გამყარდა, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „თვის მიმოხილვაში".
დეკემბრის თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ, შესაბამისად, 3,0976 და 3,5040 შეადგინა.
რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ბაზრებს, საანგარიშო პერიოდში იქ დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ 1,8 პროცენტით გამყარდა, თურქული ლირის მიმართ – საშუალოდ 22,5 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ – საშუალოდ 1,7 პროცენტით, რუსული რუბლის მიმართ საშუალოდ 1,4 პროცენტით გაუფასურდა, აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.
მარეგულირებლის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 4,0 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 6,6 პროცენტით გამყარდა.
წლიურად ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 20,4 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 17,9 პროცენტით გამყარდა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი