თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.
კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აღდგენილია.
მლეთა–გუდაურისა და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი