იმერეთსა და სამეგრელოში ავტომობილები გაქურდეს

ჩადენილი დანაშაულები ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა ფოთში სატვირთო ავტომობილების გაქურდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს, ქუთაისში კი ავტომანქანების გაქურდვის ფაქტებზე სამი არასრულწლოვანი ამხილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში ქურდობის ბრალდებით დაკავებულ პირთა ასაკი 21-22 წელია.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა 31 იანვარს ფოთში, სხვადასხვა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები გაქურდეს და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი „ცხელ კვალზე“ დააკავეს.
რაც შეეხება ქუთაისში მხილებულ პირებს, იქ ქურდობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 14-15 წლის ასაკის სამი არასრულწლოვანი ამხილეს.
გამოძიების მიხედვით, არასრულწლოვნებმა 29 იანვარს ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე ხუთი ავტომანქანა გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა სამივე არასრულწლოვანი მომხდარი ფაქტიდან მეორე დღეს ამხილეს. პოლიციამ მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. არასრულწლოვნები დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
წყარო - შსს-ს პრეს-სამსახური