თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული რვა მეშახტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას სხეულის 60%-ის დამწვრობა აღენიშნება, განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ ჟურნალისტებთან.
შემთხვევა ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში გუშინ, 23:00 საათისთვის მოხდა, იმ დროს, როდესაც მიწის სიღრმეში მეშახტეები იმყოფებოდნენ. კომპანია „საქნახშირის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
ქაშიბაძის თქმით, კლინიკაში გამთენიისას შეყვანილი რვა დაშავებულიდან სამი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში, დანარჩენი კი ქირურგიულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
„ტყიბულიდან გამთენიისას რვა მეშახტე შემოიყვანეს, რომელთაც, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული. მათ სხეულის ზედა ნაწილისა და სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნებათ“, – განაცხადა ქაშიბაძემ.
ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების მიზეზების დასადგენად ადგილზე მოკვლევა სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.