თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურში, რომელიც 29 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა, 200-მდე ადამიანი დასაქმდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
პორტის რეკონსტრუქცია 2019 წელს დაიწყო. პროექტი ორ ფაზას მოიცავს. პირველი ფაზა 1,7 ათასი მეტრი სიგრძის მოლის მშენებლობასა და ასევე 400 მ სიგრძისა და 13,5 მ სიღრმის მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ითვალისწინებს. ეს პორტს 9 ათას TEU–მდე წყალტევადობის ხომალდების მიღების და დამატებით 150 ათას TEU-მდე მოცულობის ტვირთების გადამუშავების საშუალებას მისცემს.
„ახალი ნავსადგური დამატებით დაასაქმებს 200-მდე ადამიანს, შესაბამისად, ჩვენ ფოთის საზღვაო-სასწავლო ცენტრში ვმუშაობთ ახალი კურსების გახსნაზე, რომელიც ახლად გაჩენილ გამოწვევებს უპასუხებს საპორტე სექტორში”, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მლნ დოლარს აღწევს. უწყების ცნობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მლნ აშშ დოლარით დააფინანსა.
ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 93 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოეწყო თანამედროვე საპორტე ინფრასტრუქტურა.
მეორე ფაზა 300 მეტრიანი საკონტეინერო ნავმისადგომის მშენებლობას მოიაზრებს, სადაც სამი ამწე იქნება განთავსებული და რაც წლიურ ტვირგამტარობას 1 მლნ TEU–მდე გაზრდის.
უწყების ცნობით, ნავმისადგომი და ახალი ნავსადგურის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა მოემსახუროს მსხვილტონაჟიან გემებს, რომელთა ტვირთამწეობა 50 ათას ტონამდეა. პორტი დაამუშავებს როგორც მშრალ, ნაყარ და გენერალურ ტვირთებს, ასევე კონტეინერებს.
წყარო - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო