თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებში ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში უეფას რეიტინგის ლიდერთან - რუსეთის გუნდთან ითამაშებს.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში ესპანეთის გუნდთან ანგარიშით 0:8 დამარცხდა.
პირველ ტაიმში ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა სამი გოლი გაუშვეს, შესვენების შემდეგ კი ხუთი. საინტერესოა, რომ დუბლი მხოლოდ ადოლფომ გაიტანა, დანარჩენი ექვსი გოლი სხვადასხვა მოთამაშემ გაიტანა. ტაბლოზე ქართული გვარიც აინთო - 23-ე წუთზე ირაკლი თოდუამ ავტოგოლი გაიტანა.
ჯგუფური ეტაპის შედეგებით, საქართველოს ნაკრებმა ექვსი ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ჯგუფური (D) მეორე ადგილიდან გავიდა. რაც შეეხება ესპანეთს, საქართველოს დამარცხების შედეგად „ფურია როჰამ" შვიდი ქულა დააგროვა და პლეი ოფში ჯგუფში პირველი პოზიციიდან გავიდა.
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები უეფას რეიტინგის ლიდერთან - რუსეთის ნაკრებთან ითამაშებს, ხოლო ესპანეთი სლოვაკეთს დაუპირისპირდება. ეს მატჩები 1 თებერვალს გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური თამაშები:
პორტუგალია - ფინეთი
ყაზახეთი - უკრაინა
რუსეთი - საქართველო
ესპანეთი - სლოვაკეთი.