თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილი საფეხბურთო ბაზის მშენებლობას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეებმა მეორე მიკრორაიონის ყოფილ სარეკრეაციო სივრცეში დახურული სტადიონის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ფარნავაზ მეფის გამზირი რამდენიმე წუთით გადაკეტა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სკოლა „ფესვების“ მიმდებარე ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი ჩამოერთვა და ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, რომელმაც ტერიტორიაზე დახურული სტადიონის მშენებლობა დაიწყო. მათი მტკიცებით, სტადიონი მხოლოდ სპორტულ სკოლებს მოემსახურება.
„ვითხოვთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას, უშუალოდ მოსახლეობას რომ შეხვდნენ და ჩვენგან მოისმინონ პრობლემები. ვითხოვთ ასევე სტადიონის ადგილმონაცვლეობას და სამშენებლო პროცესის შეჩერებას იქამდე, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.
აქციის მონაწილეები ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ფუნქციის აღდგენასა და კეთილმოწყობას ითხოვენ.