თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ფოთის პორტის რეკონსტრუქციის პირველი ფაზა დასრულდა, ახლა პორტი დიდი წყალტევადობის ხომალდების მიღებას შეძლებს.
პორტის რეკონსტრუქცია 2019 წელს დაიწყო. პროექტი ორ ფაზას მოიცავს. პირველი ფაზა 1,7 ათასი მეტრი სიგრძის მოლის მშენებლობასა და ასევე 400 მ სიგრძისა და 13,5 მ სიღრმის მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ითვალისწინებს. ეს პორტს 9 ათას TEU–მდე წყალტევადობის ხომალდების მიღების და დამატებით 150 ათას TEU-მდე მოცულობის ტვირთების გადამუშავების საშუალებას მისცემს.
„ჩვენი მთავრობისთვის მთავარი მიზანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფორმირება და ჩვენი მდებარეობის, ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს კომპანია PACE Group-ს, რომელიც უზრუნველყოფს ფოთის პორტის რვა ტერმინალის ექსპლუატაციას და ახალ პროექტს ამუშავებს.
მეორე ფაზა 300 მეტრიანი საკონტეინერო ნავმისადგომის მშენებლობას მოიაზრებს, სადაც სამი ამწე იქნება განთავსებული და რაც წლიურ ტვირგამტარობას 1 მლნ TEU–მდე გაზრდის.
კომპანია მშრალი ტვირთების ოპერირებას გეგმავს. ეს იქნება რკინის ჯართი მთელი რეგიონიდან, სასუქი, ასევე მარცვლეული აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან.