დაგეგმილი ავიარეისი თბილისი–მოსკოვი მაინც შესრულდა: ავიაკომპანიის განმარტება

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში აკრძალა.
Sputnik
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. დაგეგმილი პირდაპირი ჩარტერული რეისი თბილისი–მოსკოვი ერევნის გავლით განხორციელდა, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ავიაკომპანია Georgian Airways-ის წარმომადგენელმა.
პირდაპირი ავიარეისი დღეს უნდა შესრულებულიყო, თუმცა გაფრენამდე რამდენიმე ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია რეისის გაუქმების შესახებ. როგორც Georgian Airways-ის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რაღაც პროცედურები დაცული არ იყო, რის გამოც ფრენის შესრულებაზე ნებართვა ვერ მიიღეს.
მისი თქმით, თბილისი–მოსკოვის რეისზე ბილეთების გაყიდვის დაწყებისთანავე აჟიოტაჟი ატყდა, რამაც „სერიოზული პრობლემები გამოიწვია“.
თბილისი–მოსკოვი–თბილისის რეისზე ყველა ბილეთი ოთხშაბათს გაიყიდა.
როგორც ადრე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განმარტა, 28 იანვარს დანიშნული რეისი თბილისი–მოსკოვი–თბილისი ერთჯერადი ჩარტერული რეისია, რომელიც არ საჭიროებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რაიმე სახის გამონაკლისის დაშვებას, რადგანაც საუბარია არა რეგულარულ, არამედ ერთჯერად ჩარტერულ რეისზე.
დაინიშნა პირდაპირი რეისი თბილისი–მოსკოვი>>>
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის პირობები დაასახელა. ესენია: ვითარების სტაბილიზაცია საქართველოში, რუსოფობიული კამპანიის შეჩერება და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხის არარსებობა.
საქართველო ყოველთვის მზადაა რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლის აღსადგენად, რადგან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არაფერი ემუქრებათ, განაცხადა, თავის მხრივ, საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში აკრძალა, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლას საპროტესტო აქციები მოჰყვა.
საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების მეშვეობით მიმდინარეობს.