თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. ჰოლოკოსტის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის მარადიული ხსოვნა არის ყოველი ჩვენგანის მორალური ვალდებულება, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საკუთარ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ზურაბიშვილის თქმით, ჰოლოკოსტის სისასტიკემ ადამიანებს ასწავლა, რომ ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების დაცვა, პატივისცემა კაცობრიობის განვითარების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს.
„27 იანვარიჰოლოკოსტის, ცივილიზებული სამყაროს არსებობის მანძილზე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უდიდესი სისასტიკის ხსენების საერთაშორისო დღეა. ამ ენითგამოუთქმელი ტრაგედიის, მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის მარადიული ხსოვნა არის ყოველიჩვენგანის მორალური ვალდებულება“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ჰოლოკოსტი (Holocaust) — ძველბერძნულიდან ითარგმნება როგორც „დაწვა", „ცეცხლით განადგურება", „მსხვერპლშეწირვა". თანამედროვე მეცნიერულ ლიტერატურაში აღნიშნავს ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას, რომლის გამო1933-1945 წლებში 6 მლნ ებრაელი დაიღუპა.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 27 იანვარს აღინიშნება. ამ დღეს 1945 წელს საბჭოთა ჯარმა საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმი (აუშვიც–ბირკენაუ) გაათავისუფლა, სადაც 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
2005 წლის ნოემბერში გაერომ 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.