ღარიბაშვილი: ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას

მსოფლიოში 27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ფაშისტურ ბანაკებში 6 მლნ ებრაელი და მილიონობით სხვა ეროვნების ადამიანი გაანადგურეს.
Sputnik
თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველო პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც მთავრობის მეთაური წერს, ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტრაგედია და არასოდეს მიეცემა დავიწყებას ჰოლოკოსტის გაკვეთილი.

„ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჰოლოკოსტის გაკვეთილს, რომელიც ხმამაღლა მოგვიწოდებს, რომ აღარასდროს დავუშვათ სიძულვილზე, შეუწყნარებლობაზე, საკუთარი უპირატესობის რწმენაზე დაფუძნებული პოლიტიკა“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ჰოლოკოსტი (Holocaust) — ძველბერძნულიდან ითარგმნება როგორც „დაწვა", „ცეცხლით განადგურება", „მსხვერპლშეწირვა". თანამედროვე მეცნიერულ ლიტერატურაში აღნიშნავს ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას, რომლის გამო 1933-1945 წლებში 6 მილიონი ებრაელი დაიღუპა.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 27 იანვარს აღინიშნება. ამ დღეს 1945 წელს საბჭოთა ჯარმა საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმი (აუშვიც–ბირკენაუ) გაათავისუფლა, სადაც 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
2005 წლის ნოემბერში გაერომ 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
წყარო: საქართველოს მთავრობა