თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
„მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი საქათველოს ეროვნული ნაკრების წევრი 17 წლის განმავლობაში. რამდენად გამომივიდა, არვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ჩემი ქვეყნის წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა. მივიღე გადაწყვეტილება დავასრულო სანაკრებო კარიერა, წარმატებებს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს, დარწმუნებული ვარ და მჯერა მათი წარმატების მომავალში“, - დაწერა კანკავამ თავის Instagram-გვერდზე.
კანკავამ ასევე მადლობა გადაუხადა სფფ-ის მოქმედ პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის და ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილს. მისი თქმით, მათმა დამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კაპიტანი კვლავ ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდა.
„გამორჩეული და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დედას, სწორედ მისი და ჩემი ოჯახის თითოეული წევრის და ახლობელი ადამიანის დიდი დამსახურებაა, რომ მქონდა მოტივაცია და შესაძლებლობა ამდენი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების წევრი“, - დაწერა კანკავამ.
35 წლის კანკავა საქართველოს ნაკრებში 17 წლის განმავლობაში გამოდიოდა. 2004 წელს გაიმართა კანკავას დებიუტი საქართველოს ნაკრებში ალბანეთის წინააღმდეგ, სადაც ქართველებმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს. მას შემდეგ ნახევარმცველმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 100 მარჩი, გაიტანა 10 გოლი და 61 მატჩი მისი კაპიტნობით ჩატარდა.
საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით რეკორდს კანკავა ლევან კობიაშვილთან ერთად იყოფს. კანკავამ ნაკრებში ბოლო მატჩი საბერძნეთის წინააღმდეგ (0:2) გასული წლის სექტემბერში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ჩაატარა.
რაც შეეხება საკლუბო კარიერას, კანკავა გააგრძელებს ბრატისლავას „სლოვანის“ რიგებში ასპარეზობას, სადაც ნახევარმცველი ფრანგული „ვალენსიენიდან“ გადავიდა.
წყარო - ჯაბა კანკავას Instagram-გვერდი.