თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში მოქალაქეთა უფასო ტესტირების შეჩერების შესახებ განცხადება სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ასე გამოეხმაურა მინისტრი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინიციატივას.
„ქვეყანაში არანაირი ტესტების დეფიციტი არ არსებობს. ტესტირება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში იმ კატეგორიისთვის, ვინც უფასოდ იღებდა ტესტირების სერვისს“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სწრაფი ტესტი კეთდება უფასოდ, ხოლო PCR ტესტისთვის ან უნდა გადაიხადოთ მომსახურების საფასური, ან ოჯახის ექიმის დანიშნულება მიიღოთ.
საქართველოში მიმდინარეობს კორონავირუსის მეექვსე ტალღა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა - ტესტირებამ გამოავლინა კორონავირუსის 17.530 შემთხვევა. თუმცა ათი დღის წინ ზრდა დაახლოებით 5,5 ათასი იყო.
ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია - ათ თვეში სრულად (ორჯერადად) ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 42,2% აიცრა.
არსებული ვითარების გათვალისწინებით, ამირან გამყრელიძემ ურჩია მოქალაქეებს ავადმყოფობის ნიშნების გამოვლენისთანავე სასწრაფოდ გადავიდნენ რვადღიან თვითიზოლაციაზე. ტესტირება, მისი თქმით, სავალდებულო არ არის.
მან მოსახლეობას მოუწოდა, არ გადატვირთონ ლაბორატორიები, რადგან ყველასთვის ცნობილია, რა რიგებია ტესტირებაზე ბოლო პერიოდში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო.