საქართველოდან იორდანიაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტი განხორციელდა

მხარეებს შორის ხელმოწერილია და შეთანხმებულია შესაბამისი ვეტერინარული სერტიფიკატები.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. მიმდინარე წელს საქართველოდან იორდანიაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტი პირველად განხორციელდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამ დრომდე იორდანიაში სულ 11.110 სული წვრილფეხა და 350 სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა. გასულ წელს კი, ასევე პირველად, განხორციელდა ხორცის ექსპორტიც.

„იორდანიის ბაზარი ერთ-ერთი მიმზიდველია და მისი გახსნა კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს, როგორც ეპიზოოტიურად* კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯის და დამატებითი სტიმულია მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

იორდანიის ბაზრის გახსნას წინ უძღოდა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინტენსიური მოლაპარკებების პროცესი იორდანიის შესაბამის სამსახურებთან. ასევე, გასული წლის ოქტომბერში საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია იორდანიის დელეგაცია, რომელსაც იორდანიის მთავარი ვეტერინარი რაჩელ დოდენი ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, მიმდინარე ვეტერინარულ ღონისძიებებს და კონტროლის სისტემას. შედეგად მხარეებს შორის ხელი მოეწერა და შეთანხმდა ვეტერინარული სერტიფიკატები.
2021 წელს, საქართველოდან აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ომანში, ყატარში, ბაჰრეინსა და ერაყში სულ 339.573 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტი განხორციელდა.
*ეპიზოოტიური მდგომარეობა - განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დროის გარკვეულ მონაკვეთში გადამდები სნეულებების წარმოშობისა და გავრცელების შესახებ მონაცემების ერთობლიობა.
წყარო - სურსათის ეროვნული სააგენტო