თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა ხუთდღიანი ძებნის შემდეგ ნეაპოლში დაკარგული ქართველი ქალი, სალომე ტეტუნაშვილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტეტუნაშვილის და, სოფი ტეტუნაშვილი ავრცელებს.
სალომე ტეტუნაშვილი 22 იანვარს გაუჩინარდა. ემიგრანტის დაკარგვის ფაქტზე საკონსულოს დაკარგულის ოჯახის წევრმა აცნობა. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა ოჯახმაც.
ტეტუნაშვილის პოვნის ფაქტს ადასტურებს რომში საქართველოს საკონსულოც.
საელჩოს ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და კონსულმა ნატალია კორძაიამ ნეაპოლში სალომე ტეტუნაშვილი უკვე მოინახულეს. მათი თქმით, სალომე ტეტუნაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ელჩმა და კონსულმა შეხვედრა გამართეს ასევე ნეაპოლის პოლიციის ხელმძღვანელობასთან.
„საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს“, – აცხადებენ იტალიაში საქართველოს საელჩოში.
როგორც ნეაპოლში მყოფი ემიგრანტი, ნათია ჩაჩანიძე აცხადებს, ტეტუნაშვილი ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან გათიშული იპოვეს.
„თვითონ საავადმყოფოში არ იყო შიგნით შესული, იყო საავადმყოფოსთან დაგდებული. წამლებისგან გათიშულია. ალბათ რამე დამაძინებელი ან ნარკოტიკული საშუალება გაუკეთეს, ამდენი ინფორმაცია არ მაქვს“, - ამბობს ჩაჩანიძე.
ტეტუნაშვილი ამ დროისთვის განყოფილებაშია გადაყვანილი, სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.
25 იანვრის საღამოს იტალიაში მცხოვრები და მომუშავე ქართველი ქალები შეიკრიბნენ როგორც ტეტუნაშვილის სამუშაო სახლთან, ასევე პოლიციასთან და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კარაბინიერების მხრიდან დაკარგული ქალის მოსაძებნად უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდნენ.
27 წლის ქართველი ემიგრანტი სალომე ტეტუნაშვილი იტალიის ქალაქ ნეაპოლში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს. ოჯახის წევრებს მასთან კონტაქტი ბოლოს 22 იანვარს, 16:00 საათზე ჰქონდათ. ამ დღის შემდეგ ახალგაზრდა ქალთან დაკავშირება ვეღარ ხერხდებოდა.
წყარო - იტალიაში საქართველოს საელჩო