რამდენი უსახლკარო ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ფართებს თებერვლიდან?

თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფონდის შექმნა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლიდან აღნიშნული პროგრამის რეალიზებას იწყებს.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი − Sputnik. 2022 წლის თებერვლიდან მუნიციპალური საცხოვრისით 15-16 უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, უსახლკარო ოჯახების პრობლემის მოგვარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ დაპირებას ასრულებს.
„დედაქალაქის ბიუჯეტში გვაქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება და ერთ-ერთი პრიორიტეტული გახლავთ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ამ მიმართულებით ბიუჯეტი 50 მლნ ლარით გაიზარდა. ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო უსახლკარო ოჯახების პრობლემის მოგვარება. თბილისში ასეთი სტატუსის მქონე 400-მდე ოჯახია. მათ დავპირდით, რომ მუნიციპალური საცხოვრისით დავაკმაყოფილებდით და ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და თბილისში არცერთი უსახლკარო ოჯახი არ იქნება.
„ამ ოჯახებს ჩვენი მხრიდან მომდევნო წლებშიც ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა ექნება. გპირდებით, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება. ყველა დაკმაყოფილდება მუნიციპალური ფართებით და მოუგვარდებათ პრობლემა, რაც წლების განმავლობაში აწუხებთ,"-განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფონდის შექმნა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლიდან აღნიშნული პროგრამის რეალიზებას იწყებს.
წყარო: თბილისის მერია