დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს

დევნილებისთვის მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს პირობები მათი ბინებით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით
Sputnik
თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, რომლებიც თბილისის გარეუბანში ცხოვრობენ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ყოფილი სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილები ამტკიცებენ, რომ შენობა ავარიულია და აცხადებენ, რომ ამორტიზებულ შენობაში ცხოვრება მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ისინი მთავრობისგან ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს ითხოვენ.
უწყებას ამ დრომდე არ დაუნიშნავს შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან - 150 ოჯახი ჯერ კიდევ ელოდება პასუხს სამინისტროსგან.
დევნილების ინფორმაციით, ორშაბათს მათ დაუკავშირდა სამინისტროს წარმომადგენელი და სთხოვა სამი ადამიანის არჩევა, რომლებსაც სამინისტროს თანამშრომლები პრობლემის მოგვარების მიზნით შეხვდებოდნენ.
თავის მხრივ, იძულებით გადაადგილებული პირები ითხოვენ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და იურისტის შეყვანას, რაზეც მათ უარი მიიღეს.
„მათ გაიგეს, რომ დღეს აქციას ვმართავდით და ღამით, 11:00 საათზე, დაგვირეკეს ჯანდაცვის სამინისტროდან და გვითხრეს, აქციამდე მათთან მივსულიყავით. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ თან მივიყვანდით სახალხო დამცველსა და იურისტს, რაზეც გვითხრეს: „კარგად ბრძანდებოდეთ“. ჩვენი საუბარი არ შედგა“, - განაცხადა აქციის მონაწილემ ანგელინა კვარაცხელიამ.
ჯანდაცვის სამინისტრო ყოფილი სანატორიუმ „ქართლის“ მცხოვრებთ სთავაზობს ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წლის ბოლომდე. დევნილებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ ბინები, რომელთა ერთი კვადრატული მეტრის ღირებულებაც 550 დოლარს არ აღემატება.
მანამდე უწყება მზადაა, დაეხმაროს მათ ბინების დაქირავებაში და დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ისინი სანატორიუმის ამორტიზებული შენობიდან. საცხოვრებელი ფართის ქირას წლის განმავლობაში სახელმწიფო გადაიხდის.
თუმცა ეს პირობები დევნილებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ბინების საბაზრო ღირებულება. მადლობა უნდა ვთქვათ, თუ 550 დოლარად შავ კარკასს შევიძენთ. ამიტომ ეს წინადადება აბსურდულია. ვითხოვთ, დაგვაკმაყოფილონ გაკეთებული ბინებით, როგორც ეს სხვა დევნილების შემთხვევაში გააკეთეს“, - აღნიშნა ირმა ნაჭყებიამ.
იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
დევნილების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 18 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირების შესახლება შესაძლებელი იქნება ბინებში, რომლებიც ჯერ არ არის ჩაბარებული ექსპლუატაციაში უსაფრთხოების პირობების დაცვით.
გარდა ამისა, განკარგულების თანახმად, დევნილთა ოჯახი შეძლებს, სამინისტროსგან მიიღოს ბინის ქირა თვეში არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით სამი თვის განმავლობაში. ამასთან, ბინების გაცემის კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ვადა შეიძლება ერთ წლამდე გახანგრძლივდეს.
დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი მამაკაცი ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
მეზობლების მტკიცებით, მამაკაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა.