თბილისის მეტროში შშმ მოზარდის ცემის ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება და ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.
Sputnik
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. მეტროს სადგურ „ისანში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს, ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.
გუშინ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღბეჭდილი იყო ძალადობის ფაქტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება.
გამოძიების ფარგლებში დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა, გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები, ამოღებული იქნა ერთ-ერთი დაკავებულის მობილური ტელეფონი, დაინიშნა ექსპერტიზები.
გამოძიებით დაადგინდა, რომ 2022 წლის 23 იანვარს საღამოს საათებში 17 წლის შშმ არასრულწლოვანი პირი ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მეტროს სადგურ „ისანში“.
მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა არასრულწლოვანი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში შეიყვანა, სადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში და მოქაჩა თმაში.
მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც.
„აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელმა, რომელიც შეესწრო მისი კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ერთ-ერთი პოლიციელი ბრალდებულია დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, ხოლო ფაქტის შემსწრე მეორე პოლიციელი – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება და ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მომავალში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია დაზუსტდეს საქმის გარემოებები და დანაშაულის კვალიფიკაცია.
ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საზოგადოების თითოეულ წევრს, მათ შორის ჟურნალისტებს, ვინაიდან საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, საკითხის გაშუქებას და ამ ფაქტზე აზრის გამოთქმას მოეკიდონ განსაკუთრებული სიფრთხილით.