COVID-19 - ბოლო ცნობები

ინფექციონისტი: „არ ვიცი, რა იქნება“ – მედპერსონალში ინფიცირების ზრდა შეიმჩნევა

ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის სწრაფი გავრცელების შედეგად სამედიცინო სექტორში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეიქმნას, აცხადებს ინფექციონისტი.
Sputnik
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს, რაც „ომიკრონის“ გავრცელების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება, განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია გოლიაძემ.
ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად, შესაძლოა სამედიცინო სექტორი სერიოზული პრობლემის წინაშე დადგეს, რადგან ხშირია მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევებიც.
„მიუხედავად იმისა, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, პოსტკოვიდი არსად წასულა, იგივე გართულებები რჩება „ომიკრონის“ გადატანის შემდგომ. ხშირია პერსონალის ინფიცირების შემთხვევები. ჯერჯერობით ავუდივართ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და ყველა დაინფიცირდა, არ ვიცი რა იქნება“, - განაცხადა გოლიაძემ.
საქართველო ებრძვის კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას, რომელიც გამოწვეულია „ომიკრონის“ ახალი შტამით, ის ქვეყანაში გასული წლის ბოლოს - 20 დეკემბერს გამოვლინდა. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ქვეყანაში „ომიკრონი“ უკვე დომინანტი გახდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეკორდულად, 15.762-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.075.154-ს მიაღწია.