თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ აქვთ ჩატარებული, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, ე.წ. „მწვანე პასპორტს“ მიიღებენ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტი 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლა მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირებს შეუძლიათ.
ამ დროისთვის მოქმედი რეგულაციებით, კოვიდ-პასპორტის აღება უვადოდ შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე კოვიდ-გადატანილ პირებს, ხოლო შეზღუდული ვადით – PCR–ტესტის (72 საათი) ან სწრაფი ტესტის (24 საათი) უარყოფითი პასუხის მქონე პირებს.
„არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტი. თუ პირს არ აქვს კოვიდ-ტესტი ჩატარებული, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და იგი დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, რომელიც მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იგი აისახება ბაზაში„ მწვანე პასპორტისთვის" ან მოგზაურობისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
2021წლის 16 ნოემბრიდან ქართული კოვიდ-პასპორტი ევროკავშირის ქვეყნებში აღიარეს.
„მწვანე პასპორტებში“ თითოეული მოქალაქის შესახებ მითითებულია კორონავირუსთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია – გადატანილი ავადმყოფობა, PCR–ტესტების პასუხები, ვაქცინაციის კურსი.
ციფრული კოვიდ-პასპორტის გასააქტიურებლად მომხმარებელმა App Store-დან ან Google Store-დან უნდა გადმოწეროს აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს. QR–კოდის მქონე „მწვანე პასპორტის“ მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ფილიალებში.