თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები განაახლა.
როგორც 2021 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა განაცხადა, ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრის ინიციატივას თავის თავზე იღებს. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, მისი თქმით, შესაძლებელია საერთო ეროვნული დისკუსიის მეშვეობით. ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 2021 წლის 15 დეკემბერს მიიწვია, მოგვიანებით კი მათთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყო.
წელს პირველი შეხვედრა პრეზიდენტმა ქალ პოლიტიკოსებთან გამართა.
პროცესი, პრეზიდენტის ხედვით, არ არის ორიენტირებული მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე რეაგირებისკენ, განაცხადა შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
„დღეს შევეხეთ იმ მტკივნეულ საკითხებს, რომელიც აქ და ახლა ხდება. ცხადია, საუბარი იყო იმაზე, რომ ამ საკითხებსაც სჭირდება ადეკვატური ნაბიჯები და რეაქციები“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება პროცესს, ეს არის უფრო საზოგადოებრივი და პარტიული პროცესი, მათ შორის, სივრცე განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი ადამიანების დასაახლოებლად, აღნიშნა მან.
„ბევრი კითხვა რჩება, მათ შორის მრჩება მეც, რაღაცებს ალბათ პროცესიც გამოაჩენს და მეტ სიცხადეს შეიტანს ამ ყველაფერში. ყოველ შემთხვევაში, აქტუალობაზე ყველა ვთანხმდებით",-განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ოპოზიციური პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას სიტყვებით, შეხვედრა ტექნიკური ხასიათისა იყო, რომელზეც მხარეებმა ერთმანეთს იდეები გაუზიარეს.
„უახლოეს დღეებში (პრეზიდენტი, - რედ.) გამოგვიგზავნის საკითხებს, შემდგომ ალბათ, იქნება თემატური ჯგუფები და ამ ჯგუფებში იქნება სამუშაო პროცესი და საბოლოოდ დავინახავთ, უკვე რა თემის პრიორიტეტიზაცია მოხდება“, - აღნიშნა ბესელიამ.
მისი თქმით, ეს ჯგუფები არ შეიქმნება პარტიული ნიშნით, არამედ შეიქმნება თემატურად, ჯგუფებს ეყოლება მოდერატორები.
„დღეს და ამ წუთას არსებული უმწვავესი საკითხები მოგვარდეს დღესვე - ამ ილუზიის შექმნა არ არის სწორი... ამას აქვს უფრო გრძელვადიანი მიზანი“, - განაცხადა ბესელიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის აზრით, მნიშვნელოვანია ისეთი დოკუმენტის არსებობა, რომელშიც შეფასდება საქართველოში მომხდარი ყველა პროცესი.
„ეს მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისითაც. ჯერჯერობით, არ მახსენდება არცერთი ისეთი დოკუმენტი, რომელიც ამ ყველაფერს სიღრმისეულად შეაფასებს. ამიტომ, ეს არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა გიგაურმა.
მისი აზრით, მთავარია, საზოგადოებას არ შეექმნას გადაჭარბებული მოლოდინი.
„ეს პროცესი არ შეეხება მიმდინარე მოვლენებს, ეს პროცესი არ ემსახურება იმას, რომ დღეს არსებულ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია და მათ შორის იმ პრობლემებზე, რაც რეფორმებთან თუ სხვა პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებითაა, გარკვეული გამოსავალი ვნახოთ. პრეზიდენტის ორგანიზებული ეს პროცესი ამას არ ემსახურება“, - განაცხადა გიგაურმა.
მმართველი პარტიის დეპუტატმა ნინო წილოსანმა დადებითად შეაფასა პრეზიდენტის წამოწყებული პროცესი.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს არ წარმართავენ პოლიტიკური პარტიები, ეს იქნება მაქსიმალურად დაცლილი ამ პარტიების მონაწილეობისგან. ნებისმიერი ადამიანის ჩართულობა მხოლოდ და მხოლოდ იმას ისახავს მიზნად, რომ გარკვეული ეროვნული თანხმობა შედგეს ისტორიაში არსებულ სხვადასხვა ფაქტებსა და მოვლენებზე", - განაცხადა წილოსანმა.
პრეზიდენტმა მოლაპარაკებების სამი პრინციპი დაასახელა: ინკლუზიურობა, ანუ ყველა მხარის ჩართვა, პროცესის გამჭვირვალობა და წინაპირობების არარსებობა.