თბილისი, 24 იანვარი − Sputnik. საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 23 იანვრის ჩათვლით პერიოდში 18,4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 84,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8,3 მლნ დოლარით (11%) გაიზარდა.
ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, შემდეგი ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში(7.621 ტონა), გერმანიაში (3.533 ტონა), ესპანეთში (522 ტონა), ჩეხეთში (467 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), საფრანგეთში (339 ტონა), რუსეთში (400 ტონა), ლიეტუვაში (327 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე სომხეთში (1.290 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), უკრაინაში (339 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ალჟირში (241 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (105 ტონა), თურქეთში (92 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), უზბეკეთსა (44 ტონა) და სხვა ქვეყნებში.
საქართველოში თხილის მოსავლის აღება აგვისტოს დასაწყისში, ტრადიციულად, პირველად სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში დაიწყო, შემდეგ კი კახეთსა და სხვა რეგიონებში.
2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად 2020 და 2021 წლებში მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენა და თხილის უხვი მოსავლის მიღება.
მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.