თბილისი, 24 იანვარი − Sputnik. თბილისის მეტროში პოლიციელმა სავარაუდოდ ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა პოლიციის ოთახში შეიყვანა და სასტიკად სცემა.
ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ დღეს გაავრცელა.
მედიის ინფორმაციით, სასტიკ ანგარისსწორებამდე შშმ პირის მეგობრები უხსნიდნენ სამართალდამცველს, რომ ახალგაზრდა ყრუ-მუნჯია და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, გამოძიება პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო.
ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია უცნობია.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური