კვლევა: „ომიკრონის“ მიმართ „სპუტნიკ V“ უფრო მეტ ანტისხეულებს წარმოქმნის, ვიდრე Pfizer-ი

Sputnik
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. პრეპარატ „სპუტნიკ V"-თი ვაქცინაცია შტამ „ომიკრონის" მიმართ ვირუსგამანეიტრალებელი ანტისხეულების ორჯერ მეტ ტიტრს იძლევა, ვიდრე ვაქცინა Pfizer-ის ორი დოზა, აცხადებენ გამალეის ცენტრსა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში.
მანამდე ფონდმა გამალეის ცენტრისა და იტალიის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის Lazzaro Spallanzani-ს ერთობლივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

„კვლევის შედეგების თანახმად, ვაქცინა Sputnik V-მ „ომიკრონის“ (B.1.1.529) მიმართ ვირუსის განეიტრალებელი ანტისხეულების ორჯერ მაღალი ტიტრი აჩვენა, ვიდრე ვაქცინა Pfizer-ის ორმა ინექციამ (მთლიანობაში 2,1-ჯერ მეტი, და 2,6-ჯერ მეტი ვაქცინაციიდან სამი თვის შემდეგ)“, — ნათქვამია განცხადებაში.

რუსი და იტალიელი მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ „სპუტნიკ ლაითით“ ბუსტირება ვაქცინების კომბინირებული გამოყენების ფარგლებში — ეს საუკეთესო გამოსავალია მათი ეფექტურობის გაზრდისა და დაცვის პერიოდის გასახანგრძლივებლად. ადენოვირუსული პლატფორმის ოპტიმალური კონფიგურაციის წყალობით „სპუტნიკ ლაითი“ უკეთესად იცავს „ომიკრონისა“ და სხვა მუტაციებისგან.
როგორც რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში აღნიშნეს, კვლევა თანაბარ ლაბორატორიულ პირობებში ჩატარდა იტალიის Spallanzani-ს ინსტიტუტში, Sputnik V-თი და Pfizer-ით ვაქცინირებული პირების სისხლის შრატის ნიმუშების საფუძველზე, IgG ანტისხეულების მსგავსი დონითა და ვირუსის თავდაპირველი შტამის (უჰანში დარეგისტრირებული) მიმართ განეიტრალებელი აქტივობით.