როდის გაიხსნება ღამის კლუბები საქართველოში - ზუსტი თარიღი

კლუბებმა საახალწლო დღეებში ექვსი სატესტო ღონისძიება ჩაატარეს, რის შემდეგაც, პანდემიის მოსალოდნელი ახალი აფეთქების გამო, ფუნქციონირება განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტეს.
Sputnik
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. საქართველოს ღამის კლუბების გახსნა კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ გამოწვეული პანდემიის მეექვსე ტალღის დაღმასვლის შემდეგ იგეგმება, ეს კი, სავარაუდოდ, 4-5 მარტს მოხდება, ნათქვამია „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის“ (act4culture) განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან დაკეტილმა ღამის კლუბებმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს საახალწლო დღეებში რეგულაციების დაცვით ღონისძიებების ჩატარების უფლება მიიღეს - 31 დეკემბერს, 1, 7, 8, 14 და 15 იანვარს. კლუბებს უფლება მიეცათ ჩაეტარებინათ ექვსი სატესტო ღონისძიება, რის შემდეგაც, პანდემიის მოსალოდნელი ახალი აფეთქების გამო, მათ ფუნქციონირება განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტეს.
„საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობამ“, თბილისის საკლუბო სივრცეების, გაერთიანებებისა და ფესტივალების წარმომადგენლებმა და არტისტებმა ერთობლივი განხილვით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი პროტოკოლით განვაახლოთ საქმიანობა მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების პიკი დაიწყებს დაღმასვლას. როგორც აღვნიშნეთ, საერთაშორისო გამოცდილებით ეს პერიოდი მოიცავს 45 დღეს და ემთხვევა 2022 წლის 4-5 მარტის შაბათ-კვირას“, - ნათქვამია „ერთობის“ განცხადებაში.
განცხადების ავტორებმა გამოთქვეს იმედი, რომ ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სექტორს გააზრებული აქვთ ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის მნიშვნელობა.
მათ ასევე აღნიშნეს ის რთულ ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც პანდემიის დროს სფეროს წარმომადგენლები აღმოჩნდნენ.
„უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სცენის წარმომადგენლებს აღარ გვაქვს ფუფუნება, რომ კვლავ გაურკვეველი ვადით და უთანასწორო პირობებით ველოდოთ ხელისუფლებისგან შემდგომი გახსნის თარიღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ღამის კლუბებს შეიძლება კომპენსაცია გადაუხადონ >>
საქართველო ებრძვის კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას, რომელიც გამოწვეულია „ომიკრონის“ ახალი შტამით, რომელიც ქვეყანაში გასული წლის ბოლოს - 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონს“ უკავშირდება ზედიზედ სამი ანტირეკორდი, რომელიც ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით დაფიქსირდა. ბოლო ასეთი ანტირეკორდი შაბათს დამყარდა - 11.039 შემთხვევა. დადებითობის მაჩვენებელმა 17%-ს მიაღწია.
როგორც ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, „ომიკრონი“ უკვე გახდა დომინანტური შტამი და ყველა გამოვლენილი შემთხვევის დაახლოებით 70%-ს შეადგენს. ოფიციალურად, ქვეყანაში ახალი შტამის 1.518 შემთხვევაა დაფიქსირებული. ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ ფონზე, ქვეყანაში ვაქცონაციის სრული კურსი ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 42%-ს აქვს გავლილი. ბუსტერ-დოზა 126.034 ადამიანს აქვს გაკეთებული.
წყარო - „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა“