COVID-19 - ბოლო ცნობები

საფრთხე ბავშვებისთვის პოსტკოვიდურ პერიოდში: სპეციალისტის განმარტება

საქართველოში პოსტკოვიდურ პერიოდში ბავშვებში ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომის განვითარების 100-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 22 იანვარი– Sputnik. პოსტკოვიდურ პერიოდში, მწვავე ფაზიდან 4-6 კვირის განმავლობაში ბავშებში შესაძლოა ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი განვითარდეს, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
როგორც ჩხაიძემ განმარტა, ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი პირველ რიგში გულისხმობს მაღალ ტემპერატურას და ტემპერატურასთან ერთად რამდენიმე სისტემის ჩართვას დაავადების პროცესში: ეს შეიძლება იყოს ხველა და ნაწლავთა მოქმედების გახშირება, კანზე გამონაყარი და ძლიერი მუცლის ტკივილი, შეშუპება და ა.შ.

„ეს საკმაოდ სერიოზული გართულებაა, მაგრამ ძალიან იშვიათი. საქართველოში მხოლოდ 100-მდე შემთხვევაა დადასტურებული ლაბორატორიულად (მულტისისტემური ანთებითი სინდრომის- რედ.). თუ ჩავთვლით, რომ 100 ათასამდე ბავშვია ინფიცირებული, აქედან 100 შემთხვევა საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, ყველა ასეთი შემთხვევის მართვა წარმატებით განხორციელდა.
რაც შეეხება კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ ინფიცირებას ბავშვებში, სპეციალისტის თქმით, ამ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია ნაკლებად არის საჭირო.
ჩხაიძის თქმით, მშობლებმა საავადმყოფოს უნდა მიმართონ თუ ბავშვს ტემპერატურა სამი და მეტი დღის განმავლობაში აღენიშნება. სხვა შემთხვევაში მათ შეუძლიათ ბავშვს სიცხის დამწევი საშუალებები დაალევინონ, თუ ტემპერატურა 38,5 გრადუსს აღემატება.
„ომიკრონი „დელტასგან“ განსხვავებით, ფილტვების დაზიანებით ნაკლებად მიმდინარეობს. მას არ ახასიათებს იმ სიხშირის ფილტვების ანთება, რაც „დელტას“ შემთხვევაში იყო“, - განაცხადა ჩხაიძემ
მულტისისტემური ანთებითი სინდრომი - კორონავირუსული ინფექციის სერიოზული გართულებაა, რომელიც ბავშვებს და 19 წლამდე მოზარდებს ემართებათ. ის მულტიპროფილურ საავადმყოფოში გადაუდებელ მკურნალობას და დაკვირვებას მოითხოვს. გართულების მკურნალობა ამბულატორულად ან სახლის პირობებში დაუშვებელია.
ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირების 1.041.749 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 956.627 ადამიანი, გარდაიცვალა 14.673 პაციენტი.