რუსთავში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები სასტუმროში დააბინავეს

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი
Sputnik
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. რუსთავის მერიამ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული რვა ოჯახი დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანა.
რჩეულიშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გუშინ გაჩნდა და მეორე სართულზეც გავრცელდა. შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
„თავშესაფრის გარეშე დარჩენილი 22 ადამიანი, რუსთავის მერიის დაფინანსებით სასტუმრო ,,გრანდ ვეჯინში" იცხოვრებს. დაზარალებულ ოჯახებს რუსთავის მერია პირველადი მოხმარების საგნებით, საკვებით დაეხმარება და საცხოვრებლად საჭირო ყველა პირობას შეუქმნის“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
დაზარალებულ ოჯახებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მის მოადგილე ოთარ ტატალაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მდგრადობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მუნიციპალიტეტი დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს.