როგორი ბარბაროსი მტერი არ გვყოლია ქართველებს — დაუნდობელი, მტარვალი, ვანდალი, მაგრამ შაჰ აბასის მსგავსი ცბიერი და სისხლით გაუმაძღარი — არავინ.
ის ყველანაირ საშუალებას იყენებდა მიზნის მისაღწევად, ანუ ქართველთა ამოსაჟლეტად. „ბრალიანსა“ თუ „უბრალოს“არ არჩევდა. უფრო მეტიც, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ირანის პირსისხლიანი ტირანი არც იმ ქართველებს ინდობდა, ვინც მის სამსახურში იყო ჩამდგარი.
ირანის ლომის მრავალწლიანმა ლაშქრობებმა წელში გატეხა ქართლიცა და კახეთიც. კახეთის მეფე იმერეთში იყო გაქცეული, დარჩენილებმა კი ქედი მოუხარეს სპარსეთის შაჰს და მორჩილება გამოუცხადეს.
ქართლიც აღიარებდა აბასის უზენაესობას. მას შემდეგ, რაც მეფე ლუარსაბ მეორე ირანელთა ტყვეობაში აღესრულა, ქართლი უმეფოდ იყო დარჩენილი. ლუარსაბს მემკვიდრე არ ჰყოლია, მის სამკვიდროს შაჰის ხელადსხმული მმართველი განაგებდა. მიუხედავად ამისა, პირსისხლიანი აბასი მაინც ვერ ისვენებდა და დამორჩილებულ ქართველთა შემუსვრის მორიგი მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგა.
„მოწყალე“ შაჰმა ქართლის გამუსლიმანებულ მმართველ სვიმონ-ხანს ცოლად თავისი შვილიშვილი, ისა ხან ყორჩიბაშის ასული ჯაჰან-ბანუ ბეგუმი შერთო. ეს ამბავი 1625 წლის დასაწყისში მოხდა. თბილისში დაბრუნებულ ახლად შეუღლებულებს, ვითომ მაყრად, სპარსული მხედრობა გამოაყოლა ისა ხან ყორჩიბაშის მეთაურობით. მექორწილეებს, რომელთა რიგებში გიორგი სააკაძეც იყო, დიდი ამალით დახვდნენ ქართლელები. არც კახელ არისტოკრატებს შეურცხვენიათ თავი — იქიდანაც ბევრი დაიძრა ქართლისკენ სვიმონ ხანის „ბედნიერების გასაზიარებლად“.
ქორწილი კი მართლაც დიდებული გამოდგა: „იყვის მღერა, ნადიმი და მეჯლისი, ბურთაობა და ყაბახის სროლა“.
ქორწილი რომ ჩათავდა, ყარჩიხა ხანმა სპარსული მხედრობა თბილისიდან აჰყარა და აღაიანის ველზე დაბანაკდა. სპარსმა სარდალმა ქართლელებსა და კახელებს ქუდზე კაცის გამოყვანა უბრძანა: შაჰის ბრძანებით იმერეთში მივდივარ სალაშქროდ და ვისაც იარაღის ტარება შეუძლია, ყველა ჩემს ბანაკში გამოცხადდესო.
ქართლელებმა, რომლებიც მანამდე ეჭვის თვალით უყურებდნენ მრავალრიცხოვან „მაყარს“, ახლა გული დაიმშვიდეს, სპარსელებს, თურმე, ქართლის კი არა, იმერეთის აოხრება ჰქონიათ განზრახულიო.
იმ დროს ჩვენი მენტალობა ძალიან გადაგვარებული გახლდათ. სადღა იყო ერთიანი სამშობლოს ცნება?! იმერელს, კახელსა თუ ქართლელს თავიანთი „საქართველოები“ ჰქონდათ და მათი სამეფოების იქით ქართველთა გასაჭირი ნაკლებად აწუხებდათ. ქართლელთათვის მთავარი ქართლი იყო, კახთათვის — კახეთი, იმერეთი კი იმერლებს ედარდათ...
თანაც ყარჩიხა ხანი ქართლელებს დიდ ნადავლს ჰპირდებოდა და ლაშქრობაზე უარი რატომ უნდა ეთქვათ?!
საკმაოდ დიდი ჯარი მოუგროვდა ხანს, მაგრამ მაინც ფეხს ითრევდა და აღაიანიდან არ იძვროდა. „ირანის მზეს“ სინამდვილეში სხვა დავალება ჰქონდა მიცემული ერთგული ხანისათვის.
საქმე ის გახლდათ, რომ შაჰს უთავკაცოდ, ანუ უმეფოდ დარჩენილი ქართლი ნაკლებად ეფიქრებოდა. აი კახეთი კი მისთვის დიდი თავის ტკივილი იყო.
მართალია, კახეთის მთელი მოსახლეობის თითქმის მესამედი გაჟლიტა, ან სპარსეთში გადაასახლა, ხოლო მისი მეფე თეიმურაზ პირველი ომალეთის ხონთქრის მორჩილებაში მყოფ იმერეთში გააქცია, მაგრამ აბასი მაინც უკმაყოფილო იყო მიღწეულით და ამ სამეფოს სრული განადგურება ჰქონდა მიზნად დასახული.
გონიერი და ცბიერი შაჰი ცდილობდა, რომ მაქსიმალური ეფექტი მინიმალური დანაკარგით მიეღო და გეგმაც ამის მიხედვით ჰქონდა შედგენილი: ჯერ მზაკვრულად, მოტყუებით გაეჟლიტა ერთ ადგილას თავმოყრილი ქართველთა სამხედრო ძალა, მერე კი დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობა დედაწულიანად აეყრა და ირანში გადაესახლებინა.
როგორც იტყვიან, ყველაფერი დეტალებში ჰქონდა გათვლილი და ამ გეგმას წინ ვერაფერი დაუდგებოდა, რომ არა გიორგი საკააძის სიფრთხილე და სიფხიზლე. მართალია, დიდი მოურავი იმ დროს სპარსელებს ემსახურებოდა და შაჰის დიდებისათვის იქნევდა მახვილს, მაგრამ საკუთარი სამშობლოს იავარქმნას არ დაუშვებდა.
სააკაძემ 12 წელზე მეტი დაჰყო შაჰის კარზე და აბასის ავიც იცოდა და კარგიც. ამადაც ხვდებოდა, რომ აბასს მორიგი ვერაგობა ჰქონდა ჩაფიქრებული და სანამ ყარჩიხა მის განხორციელებას შეუდგებოდა, უნდა დაესწრო სპარსელებისთვის.
სააკაძე სასწრაფოდ მცხეთას გაეშურა, კათალიკოს ზაქარიასა და წილკნის ეპისკოპოს პართენს ეწვია და თავისი განაზრახი გაანდო. უმაღლესი სასულიერო პირებისაგან კურთხევის მიღების შემდეგ, დიდი მოურავი თავისი ცოლისძმის, ზურაბ არაგვის ერისთავის გადაბირებას შეეცადა. როდესაც ზურაბიც დაითახმა აჯანყებაზე, აღაიანის ბანაკში დაბრუნდა, სადაც სპარსელებს უკვე მოესწროთ სასაკლაოს მოწყობა.
იმ დღეს სპარსელ სარდლებს კახელებისთვის ეთქვათ, იმერეთზე სალაშქროდ წასვლა საჭირო აღარაა, ამიტომ იარაღი ჩაგვაბარეთ, ძვირფასი საჩუქრები ინებეთ და უკანვე გაბრუნდითო.
კარავი, სადაც ვითომ საჩუქრებს არიგებდნენ, მოშორებით, ბანაკის განაპირას იდგა და მაღალი თეჯირი ჰქონდა შემოვლებული. კაცს ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვერ დაინახავდა, თეჯირს მიღმა რა ხდებოდა. სპარსთა დავალებით, კახელები იმ კარავში სათითაოდ უნდა შესულიყვნენ კუთვნილი საჩუქრის მისაღებად.
მათაც სათითაოდ ჩააბარეს ხმლები და კარავშიც რიგ-რიგობით შევიდნენ, მაგრამ იქიდან აღარავინ გამოსულა. თუმცა ძვირფას საჩუქრებს დახარბებულთ ეს „დეტალი“ გამორჩათ, იდგნენ და იობის მოთმინებით ელოდნენ თავიანთ რიგს...
მერე უეცრად ვიღაცამ დაიძახა, კარავში შესულებს საჩურად თავის გაგდებინება ელოდებაო. გამოფხიზლდნენ ქართველები, იშიშვლეს ხმლები, ის დაწყევლილი კარავი დაარბიეს, მახვილით გაიკაფეს გზა და ახლომდებარე ტყეებს შეაფარეს თავი.
საუბდუროდ, აღაიანის სასაკლაოს ოთხასამდე ქართველი შეიწირა. ერთი ეგ კია, ყიზილბაშიც ბევრი დაიხოცა.
სპარსელებს აღაიანის ველზე აღარ დაედგომოებოდათ — ტყეში გახიზნული გამწარებული ქართველების ჩასაფრებებისა და თავდასხმებისა ეშინოდთ, ამიტომ შედარებით უსაფრთხო მარტყოფის ველზე დაბანაკდნენ.
გაწბილებულმა ყარჩიხა ხანი ბანაკში მოღალატის ძებნას შეუდგა. შორს არ წასულა, ეჭვი მუდამ გვერდით მყოფ გიორგი სააკაძეზე მიიტანა. როგორც ჩანს, ეჭვი საფუძვლიანი გახლდათ და მართლაც სააკაძემ შეატყობინა თავისი ერთგული მსახურის პირით აღაიანის ბანაკში მყოფ ქართველებს, რა „საჩუქარიც“ ელოდათ კარავში. მაგრამ ყარჩიხა ხანს არ შეეძლო, თავად გადაეწყვიტა, დაესაჯა თუ შეეწყალებინა სააკაძე. ამიტომაც შიკრიკი აფრინა ისპაჰანში თავის ხელმწიფესთან.
ამასობაში უქმად არც დიდი მოურავი მჯდარა. ნადირობის მოყვარული სააკაძე ყოველდღე გადიოდა ლოჭინის ხეობაში ქორ-შევარდნით „სანადიროდ“. ეს ხეობა შემთხვევით არ აურჩევია, სწორედ ამ გზაზე უნდა გამოევლო შაჰის შიკრიკს, რომელსაც აბასის ფირმანი უნდა მიეტანა ყარჩიხა ხანისთვის.
მართლაც, სააკაძემ შიკრიკი შეიპყრო, შაჰის წერილი წაართვა, მოკლა და იქვე ისე დაფლა, რომ მისი კვალი საერთოდ წაშლილიყო.
შემდგომ ამისა მოურავი ისევ შეხვდა მაღალ სასულიერო პირებსა და ქართველ დიდერისთავებს და შაჰის ფირმანი გააცნო. წერილი მართლაც თავზარდამცემი აღმოჩნდა: ირალის ლომი კახელთა გაწყვეტას, ქართლელთა დედაწულიანად აყარასა და სპარსეთს წასხმას, ხოლო სააკაძისთვის დაუყონებლივ თავის მოკვეთას ბრძანებდა. თანაც ხანს ავალებდა, მოურავის მოკვეთილი თავი გამომიგზავნეო.
ფირმანმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია, სპარსელთა წინააღმდეგ ის ქართველებიც კი განაწყო, რომლებიც საერთოდ არ აპირებდნენ შაჰის წინააღმდეგ ბრძოლას. აბასის სასტიკმა ბრძანებამ მათ გაერთიანებას შეუწყო ხელი.
და ქართველებმა გადამწყვეტი ბრძოლისათვის სამზადისი დაიწყეს.
1625 წლის25 მარტი თენდებოდა — ხარება დღე. ქართველები, ზურაბ არაგვის ერისთავის წინამძღლობით, მოულოდნელად, გარიჟრაჟისას დაესხნენ თავს მარტყოფის ველზე დაბანაკებულ მძინარე ყიზილბაშებს.
თავზარი დაეცა მომხდურთა ლაშქარს, დიდი პანიკა დაიწყო. ამით ისარგებლა გიორგი საააკაძემ, შუბმომარჯვებული დაიძრა ყარჩიხა ხანის კარვისკენ ოთხ მებრძოლთან ერთად. კარავში შესულმა კი სარდალს შეუძახა, ხანო, რას გაჩერებულხარ, თეიმურაზი დაგვესხა თავსო!
ის იყო, ცხენზე უნდა ამხედრებულიყო შაჰის სიძე, რომ შუბით განგმირა გიორგი სააკაძემ „მოყვრად“ მოსული მოსისხლე მტერი. შემდგომ ამისა, მოურავის ერთგული თანამებრძოლები დანარჩენ ხანებს დაერივნენ. ხოლო სააკაძის უფროსმა ვაჟმა ავთანდილმა ყარჩიხა ხანის ვაჟი გამოასალმა სიცოცხლეს.
დადრკნენ უსარდლოდ დარჩენილი ყიზილბაშები, უკან დაიხიეს და გაქცევით შეეცადნენ თავის შველას. მაინც არ მოეშვნენ ქართველები — ბოლომდე მისდიეს მტერს და მუსრი გაავლეს მათ. იბრაჰიმ ფეჩევის ცნობით, 30 ათასი ყიზილბაშიდან მხოლოდ სამმა ათასმაღა გაასწრო ცოცხლად.
შაჰ აბასის ისტორიკოსი ისკანდერ მუნში წერს: დიდებულებიცა და უბრალო ხალხიც თავზარდაცემული იქეთ-აქეთ გარბოდა. ყიზილბაშების მთელი ბანაკი დაირბა და გაიძარცვა, ქართველებმა კი აურაცხელი ქონება და იარაღი იგდეს ხელთო.
ეს იყო უდიდესი გამარჯვება! ამ ბრძოლამ დაანახა ირანის მძვინვარე ლომს, რომ ქართველთა განადგურების ძალა არ და ვერ შესწევდა. თავად ისკანდერ მუნში აღიარებს, რომ ასეთი დიდი მარცხი მანამდე არასდროს ეგემნა ალაჰის ჩრდილს.
და განრისხებულმა შაჰმა ქართველთა ჯავრი გიორგი სააკაძის მძევლად დატოვებულ ვაჟზე, პაატაზე იყარა — თავი მოჰკვეთა და საშინელი „ჯილდო“ მამას გაუგზავნა...
მძიმე და მწარე ნაყოფად მოიმკო დიდმა მოურავმა შაჰის ღალატი. თუმცა, როცა საქმე სამშობლოს ყოფნა-არყოფნაზე მიდგება, ჭეშმარიტ მამულშვილებს ხომ არად უღირთ არც საკუთარი და არც შვილების სიცოცხლე...