თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქციები თბილისის პარალელურად ბათუმშიც გამართეს.
მეოთხე დღეა ქვეყნის მასშტაბით 600 სოციალური მუშაკიდან 400 გაფიცულია.
საპროტესტო აქციას დღეს შეუერთდნენ აჭარისა და კახეთის რეგიონებში დასაქმებული სოციალური მუშაკები. სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებმა ლაგოდეხში, ბათუმში, ხულოში, შუახევში, ხელვაჩაურში, ისევე როგორც თბილისში, მუშაობა შეაჩერეს.
დღეს რამდენიმე ათეულმა სოცმუშაკმა საპროტესტო აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართა. მათი მოთხოვნებია ხელფასების ზრდა, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, დაზღვევა და უვადო ხელშეკრულებები. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის მეთაურ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს.
16 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრუქტურული და ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ხელფასები 60%-მდე გაიზრდება. ხელფასის მატება 998 თანამშრომელს შეეხება. თუმცა, აქციის მონაწილეები შრომის პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების 100%-იან ზრდას მოითხოვენ.
18 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების გაზრდილი ხელფასების შესახებ ახალი ბრძანება დაამტკიცა.
დოკუმენტის თანახმად, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. კერძოდ, მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი იქნება.
ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ბრძანება ძალაში 20 იანვრიდან შევა.
სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. ზრდა ორივე კომპონენტს შეეხება.